ტიფლისი
ძველი თბილისის ჯერ კიდევ უცნობი ისტორიები ახალ ქართულ სერიალში “ტიფლისი”
დღეს საქართველოში სატელევიზიო ინდუსტრია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ეს არის პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად ვერ ხერხდება ქართული სატელევიზიო პროდუქციის განსაკუთრებული, გამორჩეული სტილის ჩამოყალიბება და სრულყოფა. მაყურებელი ჯერ კიდევ უყურებს დასავლურ და რუსულ ტელევიზიებში შექმნილ გადაცემების სუროგატებს, რომლებიც, ხშირად, დაბალი გემოვნებითა და კულტურით გამოირჩევა. სერიალი, როგორც ტელევიზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, განიცდის ზეგავლენას, როგორც ფორმის ასევე შინაარსისი მიხედვით. ამ ბოლო პერიოდში იკვეთება ქართული ტელესერიალების შექმნის ტენდენცია, შესაძლებელია სერიალების დიფერენცირება, იქნება ეს სიტუაციური კომედიები, სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის დამოუკიდებელი სერიათა ნაკრები და სხვა, რომელთა ბუმიც ამ ეტაპზე შენელდა, მაგრამ ისინი მაინც იკავებენ მნიშვნელოვან ადგილს საეთერო ბადეში.
პირველივე სერიაში ავტორები გვაცნობენ დანაშაულის ძირითად ფაქტებს, ისტორიის ძირითად მონაწილე გმირებსა და სოციალურ ფენებს. მე-19 საუკუნის ტიფლისის `გაცოცხლებული სურათები”, რამოდენიმე შრისგან შედგება. ეს არის `ამბავი პერიფერიიდან”, სადაც, ძირითადად, ტყეში გავარდნილი ყაჩაღების შესახებ მოგვითხრობენ, ინტელიგენცია, რომელიც იყოფა ორ შრედ: პატრიოტები და დამნაშავეები, გამოძიების პროცესი, რომელშიც ორი მეძებარი და ჟურნალისტია ჩართული. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ყოფითი დეტალები, დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური ფონი, სიუჟეტში არსებული მოტივები ამბის გაშლის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა.