ტიფლისი
ძველი თბილისის ჯერ კიდევ უცნობი ისტორიები ახალ ქართულ სერიალში “ტიფლისი”
დღეს საქართველოში სატელევიზიო ინდუსტრია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ეს არის პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად ვერ ხერხდება ქართული სატელევიზიო პროდუქციის განსაკუთრებული, გამორჩეული სტილის ჩამოყალიბება და სრულყოფა. მაყურებელი ჯერ კიდევ უყურებს დასავლურ და რუსულ ტელევიზიებში შექმნილ გადაცემების სუროგატებს, რომლებიც, ხშირად, დაბალი გემოვნებითა და კულტურით გამოირჩევა. სერიალი, როგორც ტელევიზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, განიცდის ზეგავლენას, როგორც ფორმის ასევე შინაარსისი მიხედვით. ამ ბოლო პერიოდში იკვეთება ქართული ტელესერიალების შექმნის ტენდენცია, შესაძლებელია სერიალების დიფერენცირება, იქნება ეს სიტუაციური კომედიები, სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის დამოუკიდებელი სერიათა ნაკრები და სხვა, რომელთა ბუმიც ამ ეტაპზე შენელდა, მაგრამ ისინი მაინც იკავებენ მნიშვნელოვან ადგილს საეთერო ბადეში.
პირველივე სერიაში ავტორები გვაცნობენ დანაშაულის ძირითად ფაქტებს, ისტორიის ძირითად მონაწილე გმირებსა და სოციალურ ფენებს. მე-19 საუკუნის ტიფლისის `გაცოცხლებული სურათები”, რამოდენიმე შრისგან შედგება. ეს არის `ამბავი პერიფერიიდან”, სადაც, ძირითადად, ტყეში გავარდნილი ყაჩაღების შესახებ მოგვითხრობენ, ინტელიგენცია, რომელიც იყოფა ორ შრედ: პატრიოტები და დამნაშავეები, გამოძიების პროცესი, რომელშიც ორი მეძებარი და ჟურნალისტია ჩართული. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ყოფითი დეტალები, დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური ფონი, სიუჟეტში არსებული მოტივები ამბის გაშლის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა.
,,ტიფლისში” აშკარად შეიგრძნობა ისტორიული დეტექტივის ჟანრისთვის დამახასიათებელი ნიშნები:
გამოცანა, ტრაგედია, ინტრიგა, ბუნდოვანება, მოვლენებში მონაწილე პირების მრავალფეროვნება, საზოგადოების ფართე სპექტრი, რაც ფაქტობრივად, იმდროინდელი საქართველოს სრულიად ახლებურ სახეს ქმნის. გამოსახულება, აშკარად სცილდება ტრადიციული სერიალებისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას, იგრძნობა ეპოქის ერთიანი სტილი: ევროპული და კავკასიური. ავტორები ამ ნიშნებით ხაზს უსვავენ ქართული კულტურის თავისებურებას და განსაკუთრებით, თბილისის კოლორიტს. თუმცა `ტიფლისის” სერიალის პირველ კადრებშივე ჩნდება ასოციაციები, თუნდაც გაი რიჩის ფილმთან `შერლოკ ჰოლმსი” და ვლადიმერ ხიტინენკოს სერიალთან `დემონები”, სადაც მოქმედება ასევე მე19 საუკუნეში ვითარდება, სერიალის ვიზუალური ესთეტიკისა და საერთო ატმოსფეროს შექმნსი თვალსაზრისისთ.
ორ კლანს შორის ძალაუფლების გადანაწილების რთული პროცესიავტორებისთვის არა ერთი ინტრიგის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ორბელიანების და ამილახვრების კლანები სრულიად განსხვავებული ორიენტირებით ხელმძღვანელობენ. სერიალის ავტორები ორბელიანის ოჯახის ჩვენებისას აქცენტს აკეთებენ მე-19 საუკუნის საქართველოში არსებულ პროგრესულ შეხედულებებზე, დასავლური ღირებულებების დამკვიდრების და საზოგადოებაში მათი პოპულარიზაციის მცდელობებზე.
მეორე სერიაში ავტორები ცდილობენ თუნდაც სქემატურად მაგრამ მაინც გაგვაცნონ თითოეული გმირის ცალკეული ხასიათი, განსაკუთრებულ აქცენტს ყაჩაღად გავარდნილთა ისტორიაზე აკეთებენ. საკუთარი ოჯახის, ღირსების დაცვის გრძნობა მათ აიძულებთ უარი თქვან ცხოვრების ნორმალურ პირობებზე, ამ გარემოში მათთვის თავისუფლება ღირსებასთან იგივდება.
“ტიფლისის” ავტორები ცდილობენ დაანგრიონ საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება ძველი ქალაქის ცხოვრების მიმართ. აქ არ არიან ყარაჩოღელები, კინტოები, ბაზრის მოვაჭრეები და ხელოსნები, თავისი ჟივილ-ხივილითა და ხმამაღალი შეძახილებით, როგორც მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმში “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”. ეს ევროპული ყაიდის ძველი ქალაქია, სადაც იტალიური ოპერა, თეატრი, სალონური ტიპის წვეულებები, საროსკიპოები მოსახლეობის ძირითად გასართობ, თავშეყრის ადგილად ქცეულა. სწორედ აქ ხდება დანაშაულების მთელი კასკადი და ეს უფრო მეტად იპყრობს ყურადღებას.
დეტექტიური სიუჟეტური ხაზის გვერდით უფრო მკვეთრად იკვეთება ამ გარემოში ადამიანის პიროვნული არჩევანის საკითხი. აქამდე თითქოს და მიღებული ადამიანებით ვაჭრობისადმი გაჩენილი ნეგატიური დამოკიდებულება, ღია პროტესტი, მისგან გათავისუფლების სურვილი უკვე მეტყველებს ახალი საზოგადეობის ტიპის ჩამოყალიბების მცდელობაზე. ორბელიანები ცდილობენ პრესის გააქტიურებით შეცვალონ გარემო, გაავრცელონ პროგრესული იდეები.
ვფიქრობ “ტიფლისი”-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში ეროვნული ტრადიციების, ურთიერთობის ფორმების, ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაცია იქნება.
No comments:
Post a Comment