Wednesday, November 25, 2015

ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი



კინოხელოვნების ერთ-ერთი განუმეორებელი მოვლენაა. მან მონაწილეობა მიიღო 27 სრულმეტრაჟიან ფილმში და მრავალ თეატრალურ თუ სატელევიზიო სპექტაკლში 1954 წელს დაჯილდოვდა აშშ-ს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი, "ოსკარით", ოთხჯერ იყო ამავე პრემიის ნომინანტი, 1993 წელს (გარდაცვალების შემდეგ) მიენიჭა საგანგებო ჰუმანიტარული პრემია. 
მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი მართლაც მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა... 
* * *
წარმოუდგენელია ასეთი არაამქვეყნიური სილამაზის და სიწმინდის გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩვეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული. 
* * *
მართალია, "რომაული არდადეგები" ოდრი ჰეპბერნის პირველი ფილმი არ იყო, მაგრამ ამქვეყნად მაინც ყველას სჯეროდა, რომ იგი ნამდვილი, შეუდარებელი დედოფალია.
           სრული სახელი ედა კეტლინ ვან ჰეემსტრა ჰეპბე (Edda Hepburn van Heemstra)შემდგომში - ოდრი ჰეპბერნი, Audrey Hepburnდაიბადა 1929 წლის 4 მაისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.გარდაიცვალა 1993 წლის 20 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ მორჟში .დედა - ელა ვან ჰეემსტრა, ეროვნებით ჰოლანდიელი, დაბადებული 1900 წელს,იგი ბარონესა გახლდათ და არასოდეს ივიწყებდა ამას .მამა - ჯონ ჰეპბერნ-რასტონი (არსებობს მისი სახელის სხვა ვარიანტებიც: ჯოზეფ, ვიქტორ, ენტონი....). დაბადებული 1889 წელს. საკმაოდ ბუნდოვანი ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის სუბიექტი, ბანკის მოხელე.არსებობს ცნობები ოდრი ჰეპბერნის ებრაული ფესვების თაობაზეც.
     

 ედა კეტლინ ჰეპბერნ-რასტონ ვან ჰეემსტრას მშობლებს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონიათ, ჯონ ჰეპბერნ-რასტონს უყვარდა საკუთარი მეუღლე და ყველანაირად ეშურებოდა მის განებივრებას, თუმცა ცდილობდა ეს ცოლის კუთვნილი ფულადი სახსრებით მოემოქმედებინა (....რადგან საკუთარი ბევრი არაფერი გააჩნდა).
ბატონი ჰეპბერნი, სამსახურეობრივი მოვალეობისა თუ საკუთარი კაპრიზების გამო, თავს მოვალედ თვლიდა, ბრიუსელში დამკვიდრებულიყო, მის ბარონესა მეუღლეს კი ამ ქალაქში ცხოვრება წამებად მიაჩნდა. ქალის თვალთახედვაში ბელგია სულისშემხუთველი, მტვრით სავსე ქვეყანა იყო, სადაც მთელი სისრულით მხოლოდ მოწყენილობა ჩქეფდა, სიცოცხლე კი სადღაც პარიზში, რომსა და ვენაში მიედინებოდა... ერთი სიტყვით, მისი ცხოვრების მიღმა.
ეს ქალი მსახიობობაზე ოცნებობდა და სცენის ნაცვლად განგებამ მის წილად ევროპის პროვინცია გაიმეტა... ამას კი ვერაფრით ურიგდებოდა ამაყი ბარონესა!
       
 1940 წლის გაზაფხულზე ჰიტლერი თავს დაესხა ჰოლანდიას და ქალაქი ანრემი მესამე რაიხის კუთვნილებად გამოაცხადა. ასე და ამრიგად, ვან ჰეემსტრების მთელი სამოსახლო გერმანელთა ჯარის შტაბ-ბინად იქცა, ბარონესას და მის შვილებს კი დართეს ნება, იქვე ეცხოვრათ, მაგრამ მთელი მათი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. 
ხუთი წლის განმავლობაში კინოს მომავალი ვარსკვლავი, ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრობდა, ბომბმების შიშით უმეტეს დროს სარდაფში ატარებდა და საკვებად უპირატესად საყოველთაოდ ცნობილი ჰოლანდიური ტიტების ბოლქვები ჰქონდა. თუმცა ყველაზე მეტად ოდრის უმამობა აწუხებდა, რადგან ბარონესა ელა საკმაოდ მკაცრი დედა აღმოჩნდა, რასაც ზედ ისიც დაერთო, რომ გერმანელებმა მას ძმა - ვილჰელმი - მოუკლეს და იგი გლოვა-ტირილში ჩაეფლო. მტირალი დედა კი ოდრის უფრო მეტად აშინებდა, ვიდრე მრისხანებითა და მედიდურობით შუბლშეკრული მშობელი, იგი ინტუიტიურად ხვდებოდა, რომ დედის კვლავ გასამხნევებლად, თავად უფრო მეტად სუსტი და უღონო უნდა ყოფილიყო... დედას უნდა გაეგო, რომ მას ქალიშვილი ჰყავს და მზრუნველობა მასაც სჭირდება. ამ ხერხმა გაამართლა და შემდგომ ცხოვრებაშიაც არაერთხელ გამოსდგომია ის ოდრის, რითაც აგრძნობინებდა თავის ქმრებსა და საყვარელ ადამიანებს, რომ მათს გარეშე ქალს სიცოცხლე გაუჭირდებოდა. ქმრებისა და მეგობრების გარდა, ეს "სისუსტე" მთელმა მსოფლიომაც დაიჯერა. ოდრი ამას იმიტომ იქმდა, რომ სხვისი სისუსტის ეშინოდა, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ სისუსტის გაძლება ყველას არ შეეძლო.
თავად მას კი ყოველთვის საკმაო ძალა გააჩნდა სისუსტის მოსათვინიერებლად.
როცა საკვები შემოაკლდათ, ოდრიმ დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ჭირის დღესავით სძულს საჭმელი (....როგორც ჩანს, სწორედ ასეთმა უჭმელობამ იჩინა თავი საბოლოოდ მის ჯანმრთელობაში, როცა კუჭის კიბოთი დაავადდა). იგი დღეში ზოგჯერ ერთი ცალი კარტოფილით კმაყოფილდებოდა, შემდეგ ქალაქის მოედანზე მთელი დღე სახტუნელათი დაკუნტრუშობდა და ფეხსაცმელში ბარათებს მალავდა, რომლებიც გერმანელთა წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცებისათვის იყო განკუთვნილი და ეს იყო მისი პირველი როლი, როლი უდარდელი ბავშვისა, მისი პირველი "მაყურებლები" კი ფაშისტები გახლდნენ. (თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოდრიმ სიცოცხლე შეინარჩუნა, უნდა ვიფიქროთ, რომ მან თავის როლს შესანიშნავად გაართვა თავი). ტყეში "სასეირნოდ" რომ მიდიოდა, პატარა ქალბატონს კალათით გერმანელების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავების პილოტებისათვის საკვები მიჰქონდა, თავად კი არაფერს ჭამდა.
არ უნდოდა ჭამა... მორჩა და გათავდა!  
ერთხელ ნაცისტებმა იგი ქუჩაში შეიპყრეს და ანრემის ყველა ქალთან ერთად გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნას უპირებდნენ, მაგრამ გოგონამ რაღაც საოცრების წყალობით გაქცევა მოახერხა და ერთი თვის განმავლობაში, 1945 წლის გაზაფხულამდე, ვირთხებით სავსე სარდაფში მარტო იმალებოდა.
ოდრიმ საკუთარ თავს უბრძანა, რომ ვირთხების არ შეშინებოდა... ნახევრად გონდაკარგულს აგონდებოდა, თუ როგორ დაატარებდა დედა თეატრში, შემდეგ როგორ ასწავლიდნენ მუსიკას და ცეკვას და კიდევ ინგლისურ ენას, რომლის შესწავლაც ჯერ კიდევ ლონდონში, მამასთან სტუმრობისას დაიწყო. წარმოსახვით ცდილობდა ვიოლინოს ხმის გაგონებას, მთელი დღეების განმავლობაში ინგლისური ზმნების უღლებას იმეორებდა (სხვათა შორის, ზრდასრულ ასაკში ოდრი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენებს) და მთელი თვის განმავლობაში შეჭამა მხოლოდ ექვსი ვაშლი და ნახევარი პური, რაც მას ფაშისტებისაგან გაქცევისას აბგაში აღმოაჩნდა.
ერთ დილას მას არტილერიული დანადგარების კანონადა შემოესმა და იფიქრა,  ამერიკელებმა ფაშისტები განდევნესო. ამოძვრა სარდაფიდან და სახლში დაბრუნდა... ბარონესა ელამ ცოცხალი, ლანდგასული შვილი რომ დაინახა, მეტყველების უნარი წაერთვა. 
"
...მე მაშინ აჩრდილს ვგავდი, ყვითელ აჩრდილს" - ხშირად იგონებდა ოდრი. 
შემდეგ გოგონას ნამდვილი სიყვითლე შეეყარა, მერე ასთმითაც დაავადდა და მთელი ცხოვრების მანძილზე მისმა ორგანიზმმა ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესი ვეღარ აღიდგინა...

                          წყარო

No comments:

Post a Comment